13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „წლის შემაჯამებელი ღონისძიება“ გაიმართა.
შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ, რომელმაც სასწავლო წლის განმავლობაში ფაკულტეტის ძირითადი მიღწევები შეაჯამა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის / მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ზაზა ცოტნიაშვილმა, ჟურნალისტიკის მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აქტიური ჩართულობა აღნიშნა. მანვე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ანი გაგნიძეს, ნანო გელანტიას, გურამ ლილუაშვილს, მეგი ჯომიდავასა და თათია კოკობინაძეს ამერიკული „დეპაულის უნივერსიტეტის“ პროგრამებში წარმატებული მონაწილეობის დამადასტურებელი სექტიფიკატები გადასცა.
მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ხათუნა კაჭარავამ, ყურადღება დისერტანტთა მაღალკვალიფიციურ სადოქტორო ნაშრომებსა და პროგრამის მზარდ პოპულარობაზე გაამახვილა.
მულტიმედია ცენტრის პროდიუსერმა, ასოცირებულმა პროფესორმა, რუსუდან კვარაცხელიამ, ღონისძიების ფარგლებში, ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. აღნიშნულ კონკურსში ვიზუალური ხელოვნების წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესოდ მაკო მაისურაძის, თეონა გოგოლაძისა და მარიამ სულაქველიძის ნამუშევრები დაასახელა, „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში კი ანა ცინცაძემ გაიმარჯვა.
ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნანა პარინოსმა, ყურადღება სტუდენტების მიერ შექმნილ კრებულზე - “A Collection of Short Stories“ - გაამახვილა. მანვე აღნიშნა პირველკურსელ სტუდენტთა აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, მათ შორის, სამხრეთ კორეულ „ჩონამის უნივერსიტეტში“.
ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ალიკა გუჩუამ, ყურადღება სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობებსა და ფაკულტეტის სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობაზე გაამახვილა. სამეცნიერო მიღწევები და საერთაშორისო თანამშრომლობა აღნიშნა რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ფარეშიშვილმა. ღონისძიებაზე ვიდეომიმართვით ჩაერთო საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც ყურადღება სტუდენტების პრაქტიკულ აქტივობებზე გაამახვილა, სადაც აღინიშნა იმიტირებული დიპლომატიური მოლაპარაკებები.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ვახტანგ მაისაიამ, ყურადღება საერთაშორისო აკადემიურ ვიზიტებზე, სხვადასხვა პუბლიკაციებსა და ინგლისურენოვანი პროგრამის წარმატებით აკრედიტაციის საკითხებზე გაამახვილა.
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტთა დისერტაციებსა და მათ სამეცნიერო აქტივობებზე ისაუბრა პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დავით ტაბატაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ფაკულტეტის მიღწევები შეაფასეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარინა გედევანიშვილმა. მათ მადლობა გადაუხადეს ფაკულტეტს ნაყოფიერი საქმიანობისთვის და სამომავლო წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების დასასრულს აუდიტორიის წინაშე მუსიკალური ნომრით წარდგნენ მარიამ სანდუხაძე და სოფო კევლიშვილი.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, თეკლა ჩაკალოვმა.
შემაჯამებელ ღონისძიებას ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება