თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კოლაბორაციით, თსუ-ში ტრანსლაციური ნეირომეცნიერების თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა.
„დღეს აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტის დასრულების აღსანიშნავად, არამედ იმის საჩვენებლადაც, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი კოლაბორაცია.
ნეირომეცნიერების სწავლების გაძლიერება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და დინამიკური დარგისა, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო განათლებისთვის დიდი და ამბიციური ამოცანა იყო და ჩვენ, სამმა დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა - შევძელით ძალების, რესურსებისა და ხედვის სინთეზი ერთიან მიზნად გარდაგვექმნა“, - აღნიშნავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებაზე.
ლაბორატორია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მკვლევრებს, სტუდენტებთან ერთად, იკვლიონ ნერვული სისტემის უჯრედული და მოლეკულური მექანიზმების სხვადასხვა ასპექტები.
„დღეს უკვე გვაქვს შექმნილი ინტეგრირებული საბაზისო კურსი ნეირომეცნიერებაში, დანერგილია ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგია, დავაფუძნეთ საუნივერსიტეტთაშორისო კვლევითი „ჰაბი“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს, მკვლევრებსა და აკადემიურ წრეებს. ამასთან ერთად, მუშავდება სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამა და უკვე დაწყებულია კლინიკური ნევროლოგიის სწავლება სრულიად ახალ, მეცნიერებაზე დაფუძნებულ ფორმატში.
ეს პროექტი ცხადად გვაჩვენებს, რომ კოორდინირებული ძალისხმევა ქმნის სტრუქტურულ, მდგრად ცვლილებას, ისეთ ცვლილებას, რომელიც მომავალშიც იგრძნობა როგორც სტუდენტებში, ისე მთელ აკადემიურ და კლინიკურ სისტემაში“, - აღნიშნავს კახაბერ კორძაია.
ტრანსლაციური ნეირომეცნიერების ლაბორატორია შეიქმნა CIF საგრანტო პროექტის „თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“ ფარგლებში.
საუნივერსიტეტთაშორისო ჰაბი მოიცავს სამ უნივერსიტეტს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტების ხელშეწყობით, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის მომზადდა საუნივერსიტეტთაშორისო სტრუქტურული სადოქტორო პროგრამა „ტრანსლაციური ნეირომეცნიერება“. სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის შემდეგ დოქტორანტები იმუშავებენ ქართველი და უცხოელი თანახელმძღვანელების მეთვალყურეობით.
ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q (WB)” აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება