31 მაისს ბოლნისის ისტორიული გერმანული უბანი კიდევ ერთხელ გადაიქცა ქართული ღვინის დღესასწაულად. მესამედ გამართული „დად ღვინის ფესტივალი“ წელსაც მრავალფეროვანი და საგრძნობლად საერთაშორისო ხასიათის იყო.
ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესინჯათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-ზე მეტი მეღვინეობის მიერ წარმოდგენილი ღვინო. მათ შორის იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამი“, რომელმაც ფესტივალზე საკუთარი წარმოების სამი ღვინის პოზიცია წარადგინა: „ოკამი თეთრი“, „ოკამი წითელი“ და „ხაშმის საფერავი“.
CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამი“ ფესტივალის სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა - ერთი მხრივ, მაღალი ხარისხის ღვინის გამო, მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ სწორედ ეს მეღვინეობა არის ადგილწარმოშობის დასახელება ღვინო „ოკამის“ სპეციფიკაციის ავტორი. ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ მათი წარმოებული თეთრი და წითელი „ოკამი“ არსებობს, რაც ბრენდის უნიკალურობას კიდევ უფრო ზრდის.
ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა ოლანი გოცირიძემ და გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ხელმძღვანელმა გურამ ავქოფაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, აღსანიშნავია სტუდენტური პრაქტიკები, საერთო კვლევები და პროექტები. ცნობისთვის, „ღვინო ბოლნისი“ აერთიანებს რეგიონში 23 მეღვინეობას, რომლებსაც აქვთ საკუთარი წარმოება, მარნები, ვენახები, ეს ყველაფერი კი CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს დამატებითი პრაქტიკის შესაძლებლობას უქმნის.
ღონისძიებას უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ - იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული ღვინის ბაიერები, ევროპელი ექსპერტები და ბლოგერები, ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.
ფესტივალს არტისტული და კულტურული ელფერიც ახლდა - უძველესი ბოლნისი, ქართული სტუმართმოყვარეობა და ქვევრის ღვინის არომატები შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნიდა, რომელიც ყველა სტუმარს დიდი ხნით დაამახსოვრდება.
ფესტივალის წარმდგენი კომპანია „არემჯი“ იყო, ღონისძიება კი არაერთი სტრუქტურის მხარდაჭერით ჩატარდა: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი და ბოლნისის აგროცენტრი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება